საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს.
მთავარი პროკურატურის სამმართველოს უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩილინგარაშვილის განცხადებით, კეზერაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს ფრანგული სასამართლო უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს.
"კეზერაშვილთან დაკავშირებით საექსტრადიციო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია, დღეს გაიგზავნა იგი დიპლომატიოური არხებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, უახლოეს მომავალში ეს მასალები იქნება საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში და შემდეგ უკვე შესაბამისი კომპეტენტური ორგანო, სასამართლო და შემდგომ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლება ექსტრადიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ ჩენ ვითხოვთ მის ექსტრადიციას და სხვა დამატებითი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია,"- განაცხადა ირაკლი ჩილინგარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფრანგმა სამართალდამცველებმა 14 ოქტომბერს დააკავეს. მას საფრანგეთის სასამართლომ 40 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადნა ედება, მათ შორისაა სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება. ბრალდებებს არ ეთანხმება კეზერაშვილის ადვოკატი. მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებულია.