ავსტრიამ დავით ჩაგინავას საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ ოფიციალურად აცნობა.
დავით ჩაგინავას 2013 წლის 29 ივლისს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ).
საქართველოს სსკ 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (წამება, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრება შეეფარდა.
2013 წლის 10 სექტემბერს ჩაგინავას მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 30 სექტემბერს იგი ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური იუსტიციის სამინისტროს ჩაგინავას ექსტრადიციის მოთხოვნით 16 ოქტომბერს მიმართა. 2013 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს მთავარ პროკურატურას ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ ოფიციალურად აცნობა, რომ დავით ჩაგინავას საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
დავით ჩაგინავას ეტაპირება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები