დღეს, 24 ოქტომბერს, 11:15 საათზე, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს ფანი არდანს მიიღებს.
ფანი არდანი, თბილისს, საკუთარი ფილმის პრემიერაზე დასასწრებად ესტუმრება. ფილმის "აკვიატებული რითმები" (Obsessive Rhythms) მსოფლიო პრემიერა 24 ოქტომბერს, 20:00 საათზე სწორედ თბილისში, კინოთეატრ რუსთაველის მეხუთე დარბაზში გაიმართება. ფანი არდანის სარეჟისორო ნამუშევარს პირველად ქართული საზოგადოება შეაფასებს.
ვიზიტის ფარგლებში 24 ოქტომბერს, 15:30 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ქართველი მსახიობებისათვის დაგეგმილია ფანი არდანის მასტერკლასი სამსახიობო ოსტატობაში (დასწრება თავისუფალია).
მსახიობსა და რეჟისორს საქართველოში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ფრანგული ინსტიტუტი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა კულტურის სამინისტრო მასპინძლობს. ფანი არდანის ვიზიტისა და პრემიერის მხარდამჭერები არიან: სასტუმრო „ჰოლიდეი ინი", კომპანიები „ემსილაბი" და „თელიანი ველი". სატელევიზიო მხარდაჭერას ახორციელებს ტელეკომპანია იმედი.
ფანი არდანი დაიბადა 1949 წლის 22 მარტს საფრანგეთში, სამხედრო ატაშეს ოჯახში. იზრდებოდა მონაკოში, 17 წლის ასაკში გადავიდა საფრანგეთში და ჩააბარა უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით. 20 წლის ასაკში მსახიობობა გადაწყვიტა. მისი სასცენო დებიუტი 1974 წელს შედგა. როგორც მსახიობი ფანი არდანი ცნობილია ფილმებით: "The Woman Next Door", "Elizabeth", "Confidentially Yours", "Ridicule", "8 Women", "Callas Forever" და სხვა. ბოლო რამდენიმე წელიაფანი არდანი რეჟისურით დაინტერესდა. 2009 წელს გადაიღო ფილმი „Ashes and Blood", 2010 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Chiméres Absentes .
ფანი არდანის ერთ-ერთი პარტნიორი ცნობილი ფრანგი რეჟისორი ფრანსუა ტრუფო იყო, რომლისთვისაც მსახიობი ბოლო მუზად იქცა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 1984 წელს ტრუფო გარდაიცვალა. მსახიობს ჰყავს 3 ქალიშვილი.