დღეს, 24 ოქტომბერს, ხუდონჰესის" მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, დისკუსია გაიმართება.
კონფერენციაზე მოწვეული არიან: ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.
დისკუსიის ორგანიზატორთა ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება ინვესტორი, ინდურ-ქართული კომპანია "ტრანსელექტრიკა ლიმიტედის" მიერ წარმოდგენილი პროექტის ის ნაწილი, რომელიც მათივე განცხადებით, დამთავრებულად ითვლება.
ასევე დარგის სპეციალისტების მიერ გაკეთდება ანალიზი. ნაჩვენები იქნება ძირითადი საფრთხეები, რაც "ხუდონჰესის" აშენების შემთხვევაშია მოსალოდნელი, კერძოდ: სტიქიის, ანუ ბუნებრივი მოვლენების (მიწისძვრები, ზვავები) განვითარების შედეგები; ომის შემთხვევაში "ენგურჰესის" და "ხუდონჰესის" კაშხლები, როგორც პირველი "დარტყმის წერტილები".
"წარმოდგენილი იქნება, ნგრევის შედეგად წყალსაცავებში დაგროვებული 1,5 მილიარდი კუბამეტრი წყლის გავლენა მოსახლეობაზე. ეს წამოადგენს მთელი დასავლეთ საქართველოს - სამეგრელოს, აფხაზეთის, გურია-აჭარის დატბორვის საფრთხეს. ასეთ შემთხვევაში კატასტროფა ემუქრება თურქეთის სანაპიროსაც. ასევე ნაჩვენები იქნება პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქვეყნისათვის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის "სარგებლიანობის" ეფექტი; ადგილობრივი მოსახლეობის: ხაიშის, ადლიანის, ჭუბერის - ჯამში ენგურის ხეობის მოსახლეობის მდგომარეობა და სოციალურ-ეკონომიკური პირობები. საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ რა პროგრამა შეიძლება იქნას შეთავაზებული ენერგეტიკის განვითარებისათვის და მათ შორის, უშუალოდ ენგურის ხეობაში. შეხვედრის მიზანია, კიდევ ერთხელ მომხრე-მოწინააღმდეგეთა აზრის განხილვა-შეჯერების საფუძველზე ოპტიმალური გამოსავლის პოვნის მცდელობა ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები", - აცხადებენ დისკუსიის ორგანიზატორები.
მათივე ცნობით, ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში, მორიგი აქცია სოფელ ხაიშში გაიმართება.