რუსულმა ავიაკომპანია „აეროფლოტმა" ზამთრის ფრენების განრიგში საქართველოც შეიყვანა. როგორც რუსული მედია იტყობინება, ავიაკომპანიამ შესაძლოა ფრენები საქართველოს მიმართულებითაც დაიწყოს, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგება. რუსული მედიის ცნობითვე, 2013 წლის ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აღნიშნული შესაძლებლობა არ გამორიცხა.
თუმცა როგორც ირკვევა. საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყებას, ავიაკომპანია ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილავს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ დრომდე უწყებისთვის რუსულ ავიაგადამზიდავს ფრენების დაწყების ნებართვისთვის არ მიუმართავს.
„აეროფლოტს" ჩვენთვის ჯერ ოფიციალურად არ მოუმართავს. ამიტომ ეს საკითხი არ განგვიხილია. შეიძლება გეგმაში აქვს, მაგრამ ჯერ ხომ ოფიციალურად უნდა მოგვმართოს. რომ ჩვენ შემდგომ ეს საკითხი განვიხილოთ და შევათანხმოთ"- განმარტა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ.