საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარისთვის უცნობია, რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ლაფანყურის საქმეზე შექმნილ საზოგადოებრივ კომისიას.
სუბარის თქმით, აღნიშნულ კომისიას სამართლებრივი ბერკეტები არ აქვს და ლაფანყურის საქმის გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაეცემა.
"გამოძიება მიმდინარეობს სრული ტემპით, პრაქტიკულად უამრავი მტკიცებულებაა მოგროვებული და დანარჩენი, კომისია რას იზამს, ამ კითხვაზე პასუხი ალბათ თავად მათ აქვთ. არ ვიცი არც მათი მანდატის შესახებ და მათი მუშაობის მეთოდების შესახებ, რომლითაც კომისია მუშაობას აპირებს,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალების შესწავლის მიზნით სახალხო დამცველის აპარატთან 12 წევრისგან შემდგარი საზოგადოებრივი კომისია შეიქმნა. აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, იურისტი ლია მუხაშავრია, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, ექპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ექსპერტი კახა კახიშვილი, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მორატ ქავთარაშვილი, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი შედიან.