დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. როგორც დავით კეზერაშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, ქართული მხარე საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს - დარჩება თუ არა პატიმრობაში ყოფილი მაღალჩინოსანი. ადვოკატი განმარტავს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ ექნება დაცვის მხარეს საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე საუბრის საშუალება.
,,ჩანიშნულია სასამართლო პროცესი ჩვენც ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის სააპელაციო სასამართლო შესაბამისად, როდესაც გვექნება ეს ინფორმაცია ყველაფერს დაწვრილებით გეტყვით. საფრანგეთის სასამართლო პროცესზე განიხილავს რამდენად არის საჭირო იგი იმყოფებოდეს პატიმრობაში, ან არ იმყოფებოდეს", _აცხადებს ჩივიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფრანგმა სამართალდამცავებმა 14 ოქტომბერს დააკავეს. შსს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე"ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევას, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის მიღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება/გაფლანგვას. პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადაციისთვის პროცედურებზე მუშაობა უკვე დაიწყო.