მოსკოვის პოლიცია საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს.
მკვლელობა მოსკოვის ერთ-ერთ ღამის კლუბთან 12 ოქტომბერს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა არ სახელდება
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდა. კონფლიქტის დროს, ეჭვმიტანილმა მოწინააღმდეგეს დანა დაარტყა, რის შემდეგაც ავტომობილით შემთხვევის ადგილი დატოვა. დაჭრილი მამაკაცი კი სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.
გამოძიებამ დამნაშავის ვინაობა დაადგინა. ის თბილისში მცხოვრები ბორის კცოევია, რომელიც მახაჭყალაშია ჩაწერილი. მოსკოვის პოლიცია მოსახლეობას სთხოვს, ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ, რაც გამოძიებას დაეხმარება.