სწრაფი გადახდის ბიზნესი შველას საქართველოს ეროვნული ბანკისგან მოითხოვს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" სწრაფი გადახდების კომპანიებიდან აცნობეს, 22 ოქტომბერს სებ-ის შენობასთან (იუსტიციის სახლთან) ისინი საპროტესტო აქციას გამართავენ და სებ-ს დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვენ. კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სებ-მა მათ გადასარჩენად ყველა ბერკეტი უნდა აამოქმედოს.
შეგახსენებთ, რომ სწრაფი გადახდის ბაზრის მოთამაშეები ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას ითხოვენ. კომპანიებმა საქმის არსში გარკვევა და დახმარება პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებსა და ბიზნესომბუდსმენს სთხოვეს, სწრაფი გადახდების ბიზნესი ამბობს, რომ "საქართველოს ბანკის" სერვისი „ექსპრეს ფეი" იმდენად კარგ პირობებშია ჩაყენებული, რომ ისინი მას კონკურენციას ვეღარ უწევენ.
როგორც ცნობილია, 1-ელი აპრილიდან სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები შეიცვალა, რომლის მიხედვითაც მობილური ოპერატორების („მაგთიკომი", „ჯეოსელი" და „ბილაინი") მომხმარებლები თავად იხდიან ბალანსის შევსების საკომისიოს. როგორც მაშინ მობილურმა ოპერატორებმა განმარტეს, საკომისიოს ოდენობას ინდივიდუალურად თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია განსაზღვრავდა. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ სწრაფი გადახდის კომპანიებმა 4 %-იანი საკომისიო დააწესეს, ხოლო „საქართველოს ბანკმა" 0%-იანი საკომისიო.
მასალის გამოყენების პირობები