"ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ეხმაურება 17 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტს და შსს-ს ფაქტის მყისიერად გამოძიებისკენ მოუწოდებს
„მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ქალბატონ ხათუნა თათანაშვილს დახმარების თხოვნით მიმართა ადგილობრივმა სოციალურად დაუცველმა ქალბატონმა, ლელა ბაიაშვილმა. თავად ამ ფაქტში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ის გარემოება, რომ მას ხელთ აღმოაჩნდა საწერი კალამი, რომელზედაც დამონტაჟებული იყო ვიდეო ჩამწერი.
აღნიშნული ფაქტი გაშუქდა ტელეკომპანია მაესტროს და რამოდენიმე სააგენტოს მიერ იმავე დღეს და მას შემდეგ ყველა მედია საშუალება დუმს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.
არჩევნებამდე 10 დღით ადრე მსგავსი ფაქტი მიგვაჩნია საგანგაშოდ და დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მკაცრ რეაგირებას შსს-გან.
თავად სოციალურად დაუცველი ქალბატონი განმარტავს, რომ მას არანაირი ცუდი განზრახვა არ გააჩნდა, რაც საეჭვოდ მიგვაჩნია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმის საშუალება გვაქვს, შესაძლებელია ეს კონკრეტული ფაქტი იმართებოდეს რომელიმე პოლიტიკური ძალისგან. შესაძლებელია საქმე გვქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან. გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე არის მცდელობა ხელთ ჩაიგდონ მსგავსი ჩანაწერები და შემდგომ გაავრცელონ, რათა ზიანი მიაყენონ არჩევნების პროცესს.
მოვითხოვთ გამოძიებულ იქნას აღნიშნული ფაქტი და ნათელი მოეფინოს ვინ დგას ამ ქმედებების უკან, ვინაიდან კალამი, რომელზეც ფარული ჩამწერი აპარატურაა დამონტაჟებული შემთხვევით და მით უმეტეს სოციალურად დაუცველთა ხელში ვერ მოხვდებოდა. აქვე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს არ დაირღვეს სოციალურად დაუცველი მოქალაქის უფლებები და გამოძიება წარიმართოს იმის დასადგენად ქონდა თუ არა ამ ფაქტს რაიმე კავშირი საპრეზიდენტო არჩევნებთან და ხომ არ იმალება მის უკან რომელიმე საპრეზიდენტო კანტიდატის ინტერესი", - ნათქვამია ორგანიზაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.