შეწყალების კომისიის გუშინდელ სხდომაზე გათავისუფლების რეკომენდაცია 128 პატიმარს გაეწია, 33-ს კი სასჯელი გაუნახევრდება.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ გუშინ გამართული 6 საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, შეწყალებულთა შორის არასრულწლოვანები და ქალებიც არიან.
მისივე თქმით, შეწყალება არ შეეხოთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს. კომისიამ რეკომენდაცია არ გასცა პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის გასამართლებულ მსჯავრდებულებზე.
"ჩევენ რა თქმა უნდა უარი ვუთხარით მძიმე მუხლებს, მაგრამ არანაკლებ მძიმეები იყო იმ მხრივ, რომ მაინც იყო თაღლითობა, ნარკოტიკების შემოტანა, მაგრამ არა - გასაღება. აქედან გამომდინარე, ვისაც ჩვენ გავუნახევრეთ, ზუსტად ეს იყო უფრო მძიმე საქმეები. დანარჩენი იყო შედარებით მსუბუქი საქმეები და რეკომენდაციები მივეცით. ყოველ შემთხვევაში, ყაჩაღებს, მკვლელებს, პედოფილებს და მწამებლებს უარი ვუთხარით,"- განაცხადა ელენე თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შეწყალების კომისიამ ამ შემადგენლობით ბოლო სხდომა გამართა. შეწყალების ახალი კომისია ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტდება.