21 ოქტომბერს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრონული დარბაზი გაიხსნება. ახალ დარბაზს გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე.
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ელექტრონული დარბაზის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შეძლო. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე "ლიბერთი ბანკმა" ელექტრონული დარბაზისთვის 50-მდე კომპიუტერი, ავეჯი და სხვა საჭირო ტექნიკა გამოყო. უახლესი ტექნიკა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგარემონტებულ ფართზე განთავსდა.
ელექტრონული დარბაზი, რომლის სახელი "ლიბერთი დარბაზი" იქნება, მკითხველს შესთავაზებს ელექტრონულ წიგნებს, ჟურნალებს, გაზეთებს და თავისუფალ წვდომას ინტერნეტზე. დარბაზი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს. აქ არაერთი საინტერესო ღონისძიების გამართვა იგეგმება.
"ლიბერთი ბანკი" და მისი შვილობილი კომპანია "სმარტექსი" ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ დარბაზში ჩაატარებენ სემინარებს ინტერნეტპროექტებისა და კომპანიების დაარსების, მართვისა და კაპიტალის მოზიდვის საკითხებზე. სემინარებზე ამ სფეროში მოღვაწე გავლენიანი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ელექტრონული დარბაზი იქნება ყველაზე მასშტაბური და თანამედროვე სამკითხველო დარბაზი საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები