საქართველოს პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის და დეპუტატების შეხვედრა გაიმართა, რომელიც კამათისა და ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში წარიმართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ვაშაძესა და ნოდარ ხადურს შორის კამათი და სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ მოხდა, რაც დეპუტატმა მინისტრს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გაჟღერებული ბრალდებების დასაბუთება მოსთხოვა.
"ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირების მიზეზს პირდაპირ გეტყვით, ამის მიზეზია წინა მთავრობაში არსებული კორუფცია და კორუფციული გარიგებები. ასეთი ძალიან ბევრია გამოძიებული და ძალიან ბევრს ნახავთ. კონკრეტულად გეტყვით, თბილისი-რუსთავის გზადკეცილი იმიტომაა გაჩერებული, რომ იყო კორუფცია, კორუფციულად დადებული ხელშეკრულება პირდაპირი შესყიდვის გზით. თქვენ ბიზნესი მოკალით, შენ მოკალი კომპანია და ახლა მე ის უნდა გავაცოცხლო,"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ხადურის ბრალდებების საპასუხო პოზიცია საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემაც დააფიქსირა და მინისტრს ბრალდებების დასაბუთებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ხადურის მიერ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გადაფარვას ემსახურება.
აღნიშნულ შეხვედრაზე გორგი ვაშაძე ასევე დაინტერესდა, მომავალი წლის ბიუჯეტში აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა პენსიების გაზრდისთვის საჭირო თანხების გათვალისწინებას და მინისტრს კითხვით მიმართა - გაიზრდება თუ არა პენსია მომავალ წელს, რაზეც ხადურმა უპასუხა, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო დაპირება - მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმთან გაეთანაბრებინა, უკვე შეასრულა, ხოლო რაც შეეხება მომავალი წლიდან პენსიების გაზრდის საკითხს, ხადურის თქმით, მომავალ წელს გაიზრდება ეკონომიკა და არა - პენსია.