ENG / RUS       12+

ლაშა ამირეჯიბი: რასაც ხალხი ელოდებოდა, ის ნამდვილად არ შესრულდა

რესპოდენტის შესახებ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე „ჯი-ეიჩ-ენს" სახალხ კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი ესაუბრა.

- ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებით ხელისუფლება „ქართულმა ოცნებამ" ჩაიბარა. როგორი იყო თქვენი მოლოდინები, როგორც წინა ხელისუფლების აქტიური ოპონენტის და ამ ერთი წლის გადასახედიდან რამდენად ახლდა თქვენი „ოცნება"?

- "ოცნებებზე" რა გითხრათ, მაგრამ რასაც ხალხი ელოდებოდა, ის ნამდვილად არ შესრულდა. მაგრამ ცოტა ძნელია ერთად ყველაფრის შესრულება, რასაც ახალი ხელისუფლება ჰქპირდებოდა ხალხს. აქიდან გამომდინარე დროს სჭირდება. დრო სჭირდება იმისთვის, რომ რასაც ახალი ხელისუფლება დაჰპირდა ქართულ საზოგადოებას, ეს შესრულდეს. ერთ წელიწადში არაფერი არ ხდება და ეს ვერ შესრულდება.

- 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. თუმცა უკვე გაისმის ცალკეული მოსაზრებები, რომ არჩევენების ლეგიტიმურობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. თქვენ როგორი განცდა გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- რატომ უნდა დადგეს არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ, არ ვიცი. მე მაგალითად ასე ვხედავ, რომ მეორე ტური არ უნდა იქნას, იმიტომ, რომ დღეის გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მარგველაშვილი გამსვლელი კანდიდატია. მე პირადად ასე ვხედავ, მაგრამ ხვალ და ზეგ და რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალოს. ყოველ დღე იცვლება პოლიტიკური სიტუაციები და რაღაც ახალ-ახალი ხდება, თუმცა დღეის მდგომარეობით გიორგი მარგველაშვილი უპირობო ლიდერია.

- დღეს ყველა სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს, თუმცა ხელისუფლებამ ჯერაც ვერ გასცა პასუხი კითხვას რას გულისხმობდა სამართლიანის აღდგენაში - ცალკეული პირების დასჯას, თუ საზოგადოებისთვის სამართლიანობის ინსტიტუციონალური გარანტიების ჩამოყალიბებას. არც ერთი და არც მეორე მხრივ საგრძნობი პროგრესი არ არის. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ კუთხით არსებულ ვითარებას და პირადად თქვენთვის რა არის სამართლიანობის აღდგენა?

- ძალიან ძნელია სამართლიანობის აღდგენა, იმიტომ, რომ დღეს სხვა პოლიტიკური ვითარებაა. დღეს ამერიკელები კარნახობენ ახალ ხელისუფლებას და ამერიკელები ეუბნებიან არ დაისაჯონ ძველი ხელისუფლების წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. აქიდან გამომდინარე, ძალიან ძნელი გასაკეთებელია. ამიტომ, თუ დღეს ახალი ხელისუფლება ვერ ახერხებს ამათ დასჯას, თითქოს ძალიან ცდილობენ, რომ ეს ხალხი არ დაისაჯოს და "ნაციონალური მოძრაობა" მეორე პოლიტიკურ პოლუსად იყოს წარმოდგენილი. ასე რომ, არც ერთი ხელისუფალი, ვინც არ უნდა იყოს, ნინო ბურჯანაძეც რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ქართულ საზოგადოებას დამნაშავეების დასჯას ჰპირდება, ძალიან ძნელი იქნება ამის შესრულება. ამერიკელები არსად გარბიან და საქართველოში რჩებიან, რუსებიც აქვე არიან და მოუწევს ანგარიშის გაწევა მათთვის.

- როგორ ფიქრობთ, ოპოზიციაში ყოფნისას იყო თუ არა მოულოდნელი დღევანდელი ხელისუფლებისთვის ის ფაქტი, რომ შესაძლოა, გარკვეულწილად თავისუფალი არ ყოფილიყვნენ განსაკუთრებით გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პროცესში?

- ახალი ხელისუფლება არ ელოდებოდა ასეთ ზეწოლას. დაპირებებში რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ისმოდა, რომ სამართლიანობა აღდგება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ვერავინ ვერაფერს ხედავს. ძალიან ძნელია სამართლიანობის აღდგენა ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში.

- 2012 წელს წინასაარჩევნო პერიოდში გარდა სამართლიანობის აღდგენისა, იყო უამრავი სოციალური დაპირებაც, რომელთა დიდი ნაწილი შეუსრულებელია და ხშირ შემთხვევაში მათი შესრულების მცდელობაც კი არ ყოფილა. ამ საკითხში რატომ არ არის წინსვლა?

- ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ სოციალური ფონი გაუმჯობესდება და ახალი ხელისუფლება სოციალურ თემებთან დაკავშირებით გააკეთებს რეალურ საქმეს. იმის თქმა მინდა, რომ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 27 ოტომბრის შემდეგ ამ მხრივ სიკეთეები იქნება. 27 ოქტომბრამდე ის უშლის ამის შესრულებას ხელს, რომ არის არჩევნები, ერთი გაწამაწია და როგორც კი მიხეილ სააკაშვილი წავა ხელისუფლებიდან, მგონია, რომ ყველაფერი დალაგდება. სამართლიანობის აღდგენაც დაიწყება და საქართველოში სოციალური ფონიც გაუმჯობესდება. ასევე, ახალი ხელისუფლების პირობებში საწვავის ფასიც უნდა დაცემულიყო, მაგრამ ისევ და ისევ იქ მივდივართ, რომ როგორც ბატონმა ბიძინამ ბრძანა, საწვავის სისტემაში ადრე თუ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თანხის რაღაც ნაწილს ჯიბეში იდებდნენ, როგორც ჩანს, ეს საკითხი არ არის მოგვარებული. საწვავის თბლისამდე მოტანა 1.25 ლარიდან 1.50 ლარამდე ჯდება და დანარჩენი რა თქმა უნდა წამატებულია. ვისი წამატებულია, ეს ახალმა ხელისუფლებამ უნდა ეძებოს, შიგნით თავის საზოგადოებაში. რაც შეეხება ენერგეტიკას, რა თქმა უნდა იქაც იყო დაპირებები, მაგრამ ბოლოს როგორც არმოჩნდა, ამ სფეროში ფასის დაწევა მნიშვნელოვნად დაარტყამს ბიუჯეტს. მაგრამ ეს არ მგონია მართალი იყოს. აქვე მინდა ხუდონჰესის საკითხსაც შევეხო, კარგი იქნება თუ ბატონი კალაძე გამოვა და საზოგადოებას აუხსნის რა ფულია ეს ინვესტიცია, ვისია და საბოლოოდ, ხუდონჰესი რომ აშენდება, როგორ განაწილდება ეს თანხები, რა დარჩება ქვეყანას, რა დარჩება ბიუჯეტში და ვინ როგორ და სად წაიღებს ფულს საქართველოში გამომუშავებული ენერგიიდან.

- თქვენს სახელს დაუკავშირდა არაერთი სკანდალი. საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რატომ, რა სტატუსით და რანგით იყავით ჩართული ცალკეულ მოლაპარაკებეში, შეხვედრებზე და თუნდაც ამ შეხვედრების „სტენოგრაფირება" ეს თავადაცვის მექანიზმი იყო თუ გარდაუვალი აუცილებლობა, რომლიც შეხვედრების მონაწილეების მიმართ უნდობლობას უსვამს ხაზს?

- ამ თემაზე საუბრისგან თავი შევიკავოთ, იმიტომ, რომ ხუხაშვილი მე მიჩივის სასამართლოში და სანამ სასამართლო არ დამთავრდება, არ ვისაუბრებ. როგორც კი ეს თემა დამთავრდება, მე მზად ვარ ყველა საკითხზე - ხუხაშვილთან, ხვედელიძესთან და ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრო.

- როგორც საკმაოდ ბევრი და საინტერესო ინფორმაციის მფლობელი ადამიანი, როგორ ფიქრობთ არის მოსალოდნელი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ე.წ. კომპრომატების ომი და კონკრეტულად რომელი ძალა იქნება ამის ინიციატორი?

- რა თქმა უნდა, შეეცდებიან. ყველა მხარე შეეცდება სიტუაციის დაძაბვას. განსაკუთრებით ის მხარე, რომლის გამარჯვებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას". ისინი შეეცდებიან რაღაც კომპრომატები კიდევ დაყარონ და ამით შეცვალონ საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ ამას ვერანაირად ვერ მოახერხებენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს აქვს უზარმაზარი სიყვარული, პატივისცემა და იმედი საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ამიტომ, ეს კომპრომატები ვერ იმუშავებს ისე, როგორც მათ სურთ. შესაძლებელია მართლაც არსებობს ასეთი კადრები და გაუშვან კიდეც, მაგრამ მაინც მგონია, რომ მნიშვნელოვნად ვერაფერს შეცვლის. რამე რომ შეცვალოს, ეს უნდა იყოს ძალიან მტკივნეული კადრები და დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო ციხის კადრები.

„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა გიორგი ხუხია

ავტორი: . .