საქართველოს მთავარ პროკურატურაში თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია დაიბარეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, საგამოძიებო ორგანოში ჭედიას დაბარება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხდა.
"მისთვის არ აუხსნიათ თუ რა საქმეზე მოუწევს ჩვენების მიცემა, რაც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის პროკურატურისთვის საინტერესო თემაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნული, ამ საგამოძიებო მოქმედების ფორმალურ ხასიათს უსვამს ხაზს. საგამოძიებო სამსახურში დაბარებამდე, დავით ჭედიას მისამართით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის მხრიდან არაერთგზის, როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯაროდ ისმოდა მუქარა მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ნათელია, რომ აღნიშნული ორი ფაქტი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. შესაბამისად, როგორც პროკურატურის მოქმედება, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან მისი უფლებამოსილების გადამეტებით გამოთქმული მუქარა ეჭვს ბადებს, რომ გრძელდება თბილისის მერიის თანამებობის პირების პოლიტიკური ზეწოლა და დავით ჭედიას დაკითხვაზე დაბარება მხოლოდ მის ,,დაშინებას" ემსახურება,"- აცხადებენ თბილისის მერიაში.
დავით ჭედია საგამოძიებო უწყებაში 16:00 საათზე გამოცხადდება.