საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სასამართლოს ჩვენება თბილისის მერის გიგი უგულავას ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მისცა.
საქმე ეხება უგულავასთვის წაყენებულ ბრალს, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების კანონსაწინააღმდეგოდ ხარჯვას და რიყის ტერიტორიის გასხვისებისას არსებულ კანონდარღვევებს გულისმობს.
როგორც გილაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართული პროდცესის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდების აღნიშნული ნაწილი აბსურდულია და საგამოძიებო უწყების მიერ მისთვის დასმული კითხვები არადამაჯერებელი იყო.
"აბსოლუტურად ყველა თანხა, რომელიც დღეს იხარჯება, ასეთივე ლოგიკით შეიძლება დაისვას კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ პენსიებზე თანხა რატომ იყოფა, რატომ იხარჯება თანხა ხელფასებზე, გზებზე და ასე შემდეგ. ყველაფერი, რაც ბიუჯეტში გაწერილია, პარლამენტის მიერ დამტკიცებულია და ის თანხები დაიხარჯა მაშინაც და იხარჯება ახლაც. რატომღაც, მაშინ დახარჯულ თანხაზე, რომელიც არის სრულიად ყველა პროცედურა დაცული, კითხვას სვამს პროკურატურა - რატომ დახარჯა თბილისის მერიამ. თბილისს აქვს თავისი საკრებულო, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრიობას განსაზღვრავს. ცენტრალური ბიუჯეტის, ცენტრალური მთავრობის საქმეა გამოყოს ტრანსფერი. ჩემი აზრით ეს არის საკმაოდ არადამადასტურებელი კითხვა, რომელიც დღეს მე პროკურატურამ დამისვა,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.