ფრანგული გამოცემა "ლე მონდეს" ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს საფრანგეთის სასამართლომ 40 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
გამოცემა იუწყება, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ქართული მხარის მოთხოვნით ნიცასა და მონაკოს დამაკავშირებელ გზაზე დააკავეს.
"ლე მონდე" ასევე წერს, რომ ამჟამად კეზერაშვილი ექსტრადიის გადაწყვეტილების მოლოდინშია და მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი დავით კეზერაშვილი წითელი ცირკულარით არ იძებნებოდა.
სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე დააპატიმრეს.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფრანგმა სამართალდამცველებმა 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადნა ედება, მათ შორისაა სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება.
ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საჭირო მასალებს ამზადებს. უწყების სამმართველოს უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ილია ჩილინგარაშვილის განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, მასალები საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება.
ბრალდებებს არ ეთანხმება კეზერაშვილის ადვოკატი. მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებულია.