სამარ ჩოკუტაევის წითელი ცირკულარით ძებნის დასაწყებად შესაბამისი დოკუმენტაცია ინტეპოლის გენერალურ სამდივნოს გადაეგზავნა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ილია ჩილინგარაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს პასუხი რამდნეიმე დღეში გახდება ცნობილი.
"პროკურატურამ მოამზადა შესაბამისი მასალები სამარ ჩოკუტაევის საკითხზე, რომელიც თბილისის ინტერპოლის ბიუროს მეშვეობით გადაეგზავნა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს. ამ ეტაპზე ინტერპოლის გენერალური სამდივნო იხილავს მის მიმართ წითელი ცირკულარის გამოცემის საკითხს. ჩვენი მხრიდან ყველა დოკუმენტი მიწოდებულია ინტერპოლისთვის და შესაბამისად, ველოდებით მის გადაწყვეტილებას. ჩვენი ვარაუდით, ეს მოხდება უახლოეს დღეებში,"- განაცხადა ილია ჩილინგარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეორგოლის ავტორი ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების გამავრცელებელს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. დაშიფრულია ის სქემაც, რისი მეშვეობითაც სამარ ჩოკუტაევი ვიდეომიმართვებს ინტერნეტში ავრცელებდა.