საფრანგეთში 14 ოქტომბერს დაკავებულ თავდაცვის ყოფილს მინისტრს დავით კეზერაშვილს საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები მოინახულებენ.
საელჩის წარმომადგენელთა თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ ექს-მინისრთან შეხვედრა მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ მოხდება.
ამასთან, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ეკატერინე სირაძე-დელონეს განცხადებით, ჯერ-ჯერობით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი ნაადრევია.
"მზად ვართ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აღმოვუჩინოთ დახმარება თუ მას ეს სჭირდება და მოვინახულოთ. მას უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ჩვენ შევხვდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაძალებით არ ხდება. ჯერ ძალიან ადრეა ექსტრადირებაზე საუბარი. პირველ რიგში ფრანგი სამართალდამცველები ელიან დამამტკიცებელ არგუმენტებს და საბუთებს, რომ ეს პიროვნება ნამდვილად ექვემდებარება ექსტრადიციას."- განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფრანგმა სამართალდამცველებმა 14 ოქტომბერს ქალაქ ნიცაში თბილისის და პარიზის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად დააკავეს. მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადებული არ ყოფილა. კეზერაშვილს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადნა ედება, მათ შორისაა სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება.
ბრალდებებს არ ეთანხმება კეზერაშვილის ადვოკატი. მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებულია.
ამასთან, კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება უკვე დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და შესაბამისი მასალები უახლოეს პერიოდში საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება.