დღეს,16 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ხვალ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველომ პირველად მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ეროვნული ლიტერატურული პრემია ახალგაზრდულ ლიტერატურაში გადაეცათ თამთა მელაშვილსა და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს რომანისთვის "გათვლა". ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი ქეთევან კიღურაძე.
ფრანკფურტში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის ხელმძღვანელობით, ოფიციალური შეხვედრა გამართა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესვეურებთან, იურგენ ბოსსა და ტობიას ვოსთან. მხარეებმა ისაუბრეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ; შეხვედრაზე ასევე, შეთანხმდნენ წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოებისა და იმ ვალდებულებების თაობაზე, რაც საქართველომ წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის მიმართულებით უნდა განახორციელოს.
გაიმართა შეხვედრა ლონდონის წიგნის ბაზრობის დირექტორ ჯექს ტომასთან და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებთან, ლონდონის წიგნის ბაზრობასთან სამინისტროს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.