ENG / RUS       12+

აღმოსავლეთ ოსეთი და მრავალნაცადი «სასარგებლო იდიოტი»

რამდენიმე დღის წინ, ვარშავაში გამართულ ეუთოს ყოველწლიურ შეხვედრაზე ექსპერტების მონაწილეობით, ოსური არასამთავრობო ორგანიზაცია «აღორძინების» ექსპერტმა, ალექსეი სანაკოევმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს კანონი «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ». მისი თქმით, ამ კანონის გამო, ის ეთნიკური ოსები, რომლებიც (დააკვირდით) «ოსეთის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში იმოგზაურებენ, შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან, შესაძლოა დააპატიმრონ კიდეც».

საინტერესო ციტატა მისი გამოსვლიდან: «განსაკუთრებით ხშირად ირღვევა იმ ოსების უფლება, რომლებიც აღმოსავლეთ ოსეთში, ანუ ყოფილ ყაზბეგის რაიონში ცხოვრობენ. ეს კანონი განამტკიცებს ოსი ხალხის გაყოფილობას და უხეშად არღვევს ოსების უფლებას თავისუფალ გადაადგილებაზე».

როგორია? ანუ «სამხრეთ ოსეთის» გარდა, არსებობს კიდევ «აღმოსავლეთ ოსეთი». უფრო ზუსტად (და უარესად) «ოსეთის აღმოსავლეთი». საქმე ის გახლავთ, რომ ოსური ინტელიგენცია უკვე აღარც იყენებს ტერმინს «სამხრეთ ოსეთი». მათი შეხედულებით (და ამ შეხედულებას ისინი დღენიადაგ ამკვიდრებენ) არსებობს ერთიანი, განუყოფელი ოსეთი და მისი სამხრეთ ნაწილი. ანუ უკვე არა Южная Осетия, არამედ Юг Осетии. ახლა კი დაიწყო დამკვიდრება ახალი ტერმინისა: Восточная Осетия და Восток Осетии.

ბუნებრივია ვიკითხოთ, მაინც რა არის ეს «Восточная Осетия?» კითხვაც არ უნდა, ისედაც ნათელია და პირდაპირაა ნათქვამი: თრუსოს ხეობა და «ყოფილი ყაზბეგის რაიონი»! ვლადიკავკაზში მონოგრაფიები გამოდის «აღმოსავლეთ ოსეთის» მოსახლეობაზე, მის ეთნოგრაფიულ თავისებურებებზე და ტრაგიკულ ისტორიაზე საქართველოს შემადგენლობაში. ოსური ნაციონალიზმის ერთ-ერთმა ლიდერმა და «დიდი ოსეთის» აღმასრულებელმა, ედუარდ კოკოითიმ რამდენიმე კვირის წინ პირდაპირ თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში «აღმოსავლეთ ოსეთის» გათავისუფლება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მოსკოვიდან სთხოვეს ჯერ-ჯერობით (!) თავი შეეკავებინა http://ghn.ge/news-94273.html.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა თქვას: თრუსოს ხეობის დაპყრობას ყაზბეგის დაპყრობის გარეშე აზრი არა აქვს - თრუსოს ხეობაში მხოლოდ ყაზბეგის გავლით შეიძლება მოხვედრა, ამიტომ კოკოითის სიტყვები «Вплоть до Казбеги» უეჭველად იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ოსეთში სტეფანწმინდაც იგულისხმება.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ოსებისთვის არსებობს აგრეთვე «თრიალეთის ოსეთი» ანუ Триалетская осетия, რომელიც საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში მდებარეობს - თრიალეთის ქედის გასწვრივ. მის დაპყრობასაც აპირებდნენ 2008 წელს, მაგრამ საამისოდ თბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზატკეცილის დაბლოკვა იქნებოდა აუცილებელი და მაშინ ამიტომ არ გამოვიდა. თუმცა გააჩნია, რა დასჭირდება რუსეთს: ყოველ შეთხვევაში «აღმოსავლეთ ოსეთი» ბევრად რეალურად მიაჩნიათ. ამიტომ სანაკოევის გამოსვლა მხოლოდ პირველი ცდაა: თანდათანობით იწყება ამ ტერმინის («აღმოსავლეთ ოსეთი») დამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე, რაც პერსპექტივაში ისეთივე შედეგს გამოიღებს, როგორიც «სამხრეთ ოსეთმა» გამოიღო მისი გაჩენიდან ასი წლის შემდეგ.

არც ოსებს და არც რუსებს არსად არ ეჩქარებათ და რა ენაღვლებათ, როდესაც ჩვენივე ბრიყვული პოლიტიკით ხელს ვუწყობთ მათ შორსმიმავალ ექსპანსიონისტურ ზრახვებს? დღევანდელ მთავრობაში მოკალათებული მრავალნაცადი «სასარგებლო იდიოტი» მუდამ მოგვიწოდებს «პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ» შიზოიდური ისტორიული მითებით გაჟღენთილ, გამარჯვებით გაამაყებულ, სისხლნაგემ ოს ფაშისტებთან, რათა უკვე არა მხოლოდ «სამხრეთ ოსეთის», არამედ «აღმოსავლეთ ოსეთის» პრობლემის არსებობა დააფიქსირონ ამ მოლაპარაკებებისას. ჯერ-ჯერობით «ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების» რაკურსში. ეუთოს ხსენებული კონფერენცია სწორედ ამ «განზომილებას» ეძღვნებოდა.

თანაც, ნაგულისხმევი «სასარგებლო იდიოტი» ასე გვაწყნარებს: «პირდაპირ მოლაპარაკებას ოს ძმებთან არა რუსეთის, არამედ ევროპის შუამავლობით გავმართავთო». მერედა, ეს კიდევ უკეთესი მათთვის, რაკი მთავარი იმავე ევროპის «შემზადებაა» და სწორედ ევროპის თვალში პრობლემის წარმოჩენა, თორემ რუსეთთან დიდი ხანია ყველაფერი გარკვეულიც აქვთ, შეთანხმებულიც და ისტორიულად გადაწყვეტილიც.

ჩვენ ვერ ვხვდებით, თორემ ძალიან დიდი სიბრძნეა აგრეთვე, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც ფაშისტები ქართულ სახლებს ანგრევენ დიცსა და დვანში, ქართველებს აპატიმრებენ, ცხინვალის ციხეში აწამებენ და ამცირებენ, ჩვენ მათ უნდა ვუმკურნალოთ უფასოდ, განსხვავებით ქართველი ლტოლვილების უდიდესი ნაწილისაგან, და ამით დავეხმაროთ «დიდი ოსეთის» ადეპტებს, განმუხტონ გეოგრაფიული რეალიებით (ესე იგი ვლადიკავკაზის საავადმყოფოების სიშორით) განპირობებული სოციალური დაძაბულობა «სამხრეთ ოსეთში», - თანაც ისე, რომ ქართული პირადობის მოწმობაც არ აიღონ - რათა ოსურ საზოგადოებას ეჭვიც არ შეეპაროს «აღმოსავლეთ ოსეთის» დაბრუნება-გათავისუფლების დიადი სამომავლო გეგმების რეალობაში.

"ჯი-ეიჩ-ენი", გელა კალანდაძე

ავტორი: . .