საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მესტიის რაიონის სოფელ ჯვარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 2013 წლის 11 ოქტომბერს, ჯვარი ხაიშის საავტომობილო მონაკვეთზე, საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეულმა პირებმა ხელი შეუშალეს, საგამოძიებო სამსახურის ავტომანქანას არ მისცეს გადაადგილების შესაძლებლობა. ამავდროულად, შეკრებილი ხალხი სხვადასხვა საშუალებით შეეცადა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების პროვოცირებას. წინააღმდეგობის მიუხედავად, დაპირისპირებისთვის თავის არიდების მიზნით, ჩვენი უწყების თანამშრომლები გამოერიდნენ კონფლიქტურ სიტუაციას. ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა რამდენიმე პირი, რომლებიც საგამოძიებო სამსახურის მიერ, ბოლო პერიოდში, გამოვლენილნი არიან ხე-ტყის უკანონო ჭრაში და შემდგომში, შესაბამისი დოკუმენტის გარეშე უკანონო ტრანსპორტირებაში. ამ ეტაპზე, დადგენილია მათ მიერ სულ 61,8 კუბური მეტრი ხე მასალის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირება.
საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ ინციდენტის ორგანიზატორების მიზანს წარმოადგენს საგამოძიებო სამსახურის დისკრედიტაცია და მისი მუშაობისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად ამისა, საგამოძიებო სამსახური გააგრძელებს სხვადასხვა სამართალდარღვევების გამოვლენას. მათ შორის, ხე-ტყის უკანონო ჭრასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებთან ბრძოლას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ტყის ფონდის დაზიანებას.