რესპოდენტის შესახებ
ვაფა გულუზადე: საქართველომ აუცილებლად უნდა მიმართოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომ აღმოფხვას ყველა უსიამოვნება, რომელიც საქართველოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გზაზეა შექმნილი. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს და თუ მათ ეს არ გააკეთეს, რა თქმა უნდა რუსეთის ზეწოლით, აი მაშინ უკვე მართლა უნდა დაფიქრდეთ ღირს წასვლა თუ არა.
-თუ სწორად გაგიგეთ, გინდათ თქვათ, რომ ახლა ჩვენი მხრიდან ოლიმპიადის ბოიკოტირების მიზეზი არ არსებობს და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აკრედიტირებული წარმომადგენლები თავ-თავიანთი დროშებით და მეჩირაღდნე საკმარისი მიზეზი არ არის?
-კარგად უნდა დაფიქრდეთ და ეს იმსჯელოთ ამ საკითხზე, ამისი დროს ჯერ კიდევ არის - რა სარგებელი იქნება მონაწილეობაში და რა ზიანის მომტანი იქნება ბოიკოტი. მანამდე კი თქვენ უნდა მიმართოთ ევროკავშირს, თქვენ უნდა მიმართოთ მსოფლიოს წამყვან ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმისათვის რათა მათ მოახდინონ და გავლენა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე და საქართველოს შესაძლო არმონაწილეობის ყველა მიზეზი აღმოფხვრან.
-შედეგი რომ არ გამოიღოს ჩვენმა ძალისხმევამ?
-თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ყველაფერი ეს რუსეთია! საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა გააჩაღა კონფლიქტი საქართველოში, რუსეთმა გააჩაღა კონფლიქტი აზერბაიჯანში, მან გააჩაღა კონფლიქტი დნესტრისპოირებთში - ეს ყველაფერი ხომ იქიდან მოდის?!
ამიტომაც მიმაჩნია, რომ საქართველომ უპირველეს ყოვლისა სიბრძნე უნდა გამოიჩინოს. ის რომ რუსეთი იმპერიაა, ის რომ მას იმპერიული მენტალიტეტი აქვს, ის რომ იმპერიები ყოველთვის არიან აგრესიულები ეს ხომ ისედაც ცნობილია.
-მგონი ფიქრობთ რომ საქართველო სოჭში უნდა გაემგზავროს...
-არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის მეზობელი და ასე თქვათ ყველაზე მსხვილი ქვეყანაა ჩვენს რეგიონში, რომელთანაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს აკავშირებდა მრავალმხრივი ურთიერთობა. მიმაჩნია, რომ საქართველომ ოლიმპიადაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მიუხედავად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და რუსეთის მიერ ცალმხრივად მათი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.
მეტსაც გეტყვით, ჩვენ თითქმის იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით როგორშიც საქართველო. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია უშუალოდ და პირდაპირ რუსეთს მიერ, ხოლო აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია სომხეთის დროშის ქვეშ, რა თქმა უნდა იგივე რუსეთის მიერ.
არადა ჩვენ რუსეთთან ვთანამშრომლობთ, მრავალმხრივად ვთანამშრომლობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დიდმაც და პატარამაც, მოხუცმაც და ახალგაზრდამაც იცის, რომ ეს რუსეთია ოკუპანტი. ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ საქართველო გამუდმებით უნდა საუბრობდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე და ეს საკითხი დღის წესრიგიდან არასოდეს არ უნდა მოხსნას, მაგრამ თანამშრომლობა რუსეთთან საჭიროა. ხომ დაიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა ქართული ღვინოები, „ბორჯომი" უკვე შევიდა რუსეთის ბაზარზე, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა თანამშრომლობა საჭიროა.
-კარგით, მაშინ მიპასუხეთ, როგორ მოიქცეოდა აზერბაიჯანი ჩვენს ადგილზე, რუსეთს მთიანი ყარაბაღი რომ ეღიარებინა და ოლიმპიადაზე აზერბაიჯანელ სპორტსმენებს ყარაბაღის მბომბავი მეჩირაღდნე და ე.წ. დამოუკიდებელი ყარაბაღის დროშა რომ დახვედროდათ?
-ჩემი აზრით, მთიანი ყარაბაღი რუსეთის მიერ აღიარებული რომ იყოს და ოლიმპიადაში ჩართულიც, ოლიმპიადა ეს დიდი საერთაშორისო მოვლენაა და მასში მონაწილეობა უნდა მიიღო.
-მიზეზები დამისახელეთ რომლის გამოც ჩვენ იქ უნდა გავემგზავროთ?
-იცით, მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ოლიმპიადაში მონაწილეობა მომგებიანია. გაიჟღერებს ქართული ჰიმნი, ქართველები დიდებული სპორტსმენები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხია, ქართველებს ძლიერი სპორტსმენები ჰყავს და ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ ბოიკოტირება ჩვენ არც არაფერს არ გვაძლევს.
ბოიკოტით საქართველო ჩამოდის არენიდან და არენაზე რჩება, რუსეთის მიერ დამოუკიდებლებად აღიარებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ხომ ასეა?! ანუ ჩვენ ვაძლევთ მათ მოედანს და თავად არ ვმონაწილეობთ.
-როგორც ჩანს, ბოიკოტი საერთოდ მიუღებელი ფორმაა თქვენთვის?
-არა, რატომ?! აი დასავლეთის რამდენიმე ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების მეთურობით ბოიკოტი რომ გამოეცხადებინა ოლიმპიური თამაშებისათვის, მე მაშინ ვიტყოდი, რომ საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინათ. აქ ასეთ რამეს ვერ ვხედავთ! რას ნიშნავს ეს?! ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი უზავდება რუსეთის იმპერიულ ბუნებასა და ბირთვულ პოტენციალს. ამიტომაც ვამბობ, უნდა იქნეს გამოხატული დამოკიდებულება, მაგრამ მონაწილეობა მაინც უნდა იქნეს მიღებული.
საქართველოს შეუძლია პროტესტი გამოხატოს მაშინაც რომც არ წავიდეს და მაშინაც რომც წავიდეს. საქართველოში არის ძალიან ბევრი ჭკვიანი ხალხი, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ამაზე დაფიქრება და სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.
მე პირადად საქართველოს გულშემატკივარი ვარ და თქვენი ქვეყნის მიმართ დიდი სიმატიები და სიყვარული გამაჩნია. უდიდეს პატივს ვცემ ქართველ ხალხსა და ქართულ კულტურას. მე მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ საქართველოს.
მე იმდენად მიყვარს საქართველო, რომ მზად ვარ იარაღით ხელში ვიბრძოლო მისთვის. ამიტომაც მიმაჩნია რომ კარგად უნდა დაფიქრდეთ.
„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე