დღეს, 11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლის ,,ცეცხლსახოვანი" პრემიერა გაიმართება.
მარიუს ვონ მაინბურგის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა და მხატვარმა დავით პაპავა-გურჯიმ დადგა.
მონაწილეობენ: დავით ბეშიტაიშვილი, ცისია მეტრეველი, ანა წერეთელი, გიორგი ბახუტაშვილი, გიგი ქარსელაძე.
გერმანელი მწერალი მარიუს ვონ მაინბურგი თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ღრმა დრამატურგად მიიჩნევა. მისი პიესები მუდმივად იდგმება ევროპის და ამერიკის წამყვან თეატრებში.
სწორედ პიესამ ,,ცეცხლსახოვანმა" მოუტანა მაინბურგს პირველი დიდი წარმატება. ის პოსტმოდერნისტული, ღრმად ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ თემებზე არის აგებული.
ერთ-ერთი ჩვეულებრივი გერმანული ოჯახის საზარელი ტრაგედიის მაგალითზე, ავტორი გვიამბობს იმ საზოგადოებაზე, სადაც საუკუნეების მანძილზე შექმნილი მორალური თუ რელიგიური კანონები ჩამოიშალა. ეს არის ევროპული ცივილიზაციის მდგომარეობა. ადამიანმა დაკარგა თავისი მორალი, სახე, გაირყვნა და ამ უსუსურიბამ ის მიიყვანა განადგურებამდე. ამ ურთულეს თემებზე საუბარს რეჟისორი საოცრად თანამედროვე თეატრალური ენით და ფორმით ახერხებს.