საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანკ ჰემსკერკმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.
„წარმატებული და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. ვფიქრობ, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობა მყარია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას იმ პირობებით, რომელიც გაზრდის საქართველოს სანდოობას. დაგეხმარებით იაფი ფინანსური რესურსების მოძიებაში სამთავრობო პროგრამების დასაფინანსებლად, რათა ქვეყანაში შემცირდეს სიღარიბე და დოვლათი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადანაწილდეს. მიმაჩნია, რომ მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების დაფინანსებას, როგორიცაა სოციალური სფერო, ჯანდაცვა, განათლების სექტორი და სხვა," - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანკ ჰემსკერკმა.
შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მიმდინარე პროექტების გასაცნობად და სამომავლო პროგრამების მხარდაჭერისთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები ფრანკ ჰემსკერკი და მენო შნელი საქართველოში მოიწვია.
ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სსფ-ის შუა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორს მასუდ აჰმედსაც შეხვდა.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე მომავალი წლისთვის და იმ ღონიძიებებზე, რომელიც დაგეგმილია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
„საქართველოს ფინანსთა მინისტრთან კარგი და კონსტრუქციული დისკუსია გვქონდა. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკას გააჩნია, ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელებაზე, სხვადასხვა შემაფერხებელ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკაზე. ჩვენ ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს საქართველოსთან და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობას, რათა შემდგომ წლებში ცხოვრების დონე საქართველოში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს," - განაცხადა სსფ-ის შუა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა, მასუდ აჰმედმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სსფ-ის მისია აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, მათ შორის, ნოემბერში საქართველოში სსფ-ის მორიგი მისიის ფარგლებში.