16 წლის გარდაცვლილ პატიმარ გოგა ძველაიას ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა განაცხადა.
,,გოგა ძველაიას ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნება. თუმცა აღმოჩნდა მარყუჟზე ჩამოკიდების კვალი, რაც თავისთავად დავაფიქსირე. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს იყო თუ არა ის მარყუჟით ჩამოკიდებული, რადგან ოჯახს გარკვეული ეჭვები აქვს. მას წინასწარ ჰქონდა განწყობა, რომ შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა. თუმცა ეს არის წმინდა საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში. გამოძიებამ უნდა დაადგინოს შეეძლო თუ არა მას თავის ჩამოკიდება და ა.შ ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაია ნიკოლაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის სენაკელი გოგა ძველაია რუსთავის #2 დაწესებულებაში, გარდაცვლილი იპოვეს. იგი მარიამობას პრეზიდენტმა შეიწყალა და ახლა კი ქურდობისთვის იყო დაპატიმრებული. ამ ეტაპზე პატიმრის გარდაცვალებას სასჯელაღსრულების სამინისტრო თვითმკვლელობას უკავშირებს. ოჯახი კი თვითმკვლელობას გამორიცხავს. 16 წლის პატიმრის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უკვე ჩაერთო.