საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წლის 7-8 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული მინისტერიალი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებისა და პრიორიტეტული სფეროების იდენტიფიცირებას და ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.
მინისტერიალზე სხვა საკითხებთან ერთად ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სამინისტროს მიერ გატარებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ღონისძიებები განიხილეს, მათ შორის, ე.წ. კანონიერი ქურდების ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატება და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნებისთვის.
მინისტრმა მხარეებს ორმხრივი ხელშეკრულებების დადებისა და პოლიციის ატაშეების დანიშვნის გზით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა, ასევე, გამოთქვა ევროპოლთან თანამშრომლობის დამყარების სურვილი.
ამასთან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში პოლიციის სექტორში გატარებული რეფორმა აღინიშნა და სხვა ქვეყნებისთვის შესაბამისი გამოცდილების გაზიარებისთვის მზაობა გამოითქვა. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ხაზი გაესვა თანამედროვე გამოწვევებს და ამ კუთხით, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, ოპერატიული ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით.
მინისტერიალის ფარგლებში ასევე განიხილეს მიგრაციისა და მობილურობის სფეროში არსებული სიტუაცია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ქართულმა მხარემ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
დასასრულს, მინისტერიალზე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.