17 მაისის მოვლენებში ბრალდებული სასულიერო პირების - სამების ტაძრის არქიმანდრიტის, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილისა და იოანე და თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენის, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას სასამართლო პროცესის განახლების ზუსტი თარიღი უცნობია.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან ბასილაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან' საუბრისას განმარტა, აღნიშნული სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ განახლდება.
ამასთან, საქალაქო სასამათლოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ახალაიას საქმეს და 17 მაისის მოვლენებში ბრალდებული სასულიერო პირების საქმეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი იხილავს და იგი ახალაიას საქმეზე განაჩენის გამოსატანადაა გასული, რაც სასულიერო პირების სასამართლო პროცესის შეფერხების მიზეზი გახდა.
"აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გადადებულია სხვა დროისათვის. ვინაიდან საქმის განმხილველი მოსამართლე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გასულია სათათბიროდ. მამაოების საქმე ჩაინიშნება მას შემდგომ, რაც გამოცხადდება განაჩენი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. ამ შემთხვევაში ბაჩო ახალაიას და სასულიერო პირების საქმეებს ორივეს იხილავს მოსამართლე დავით მგელიაშვილი და მოსამართლე გასულია სათათბიროდ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეებს არ იხილავს და სათათბიროდაა ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და როგორც კი გამოაცხადებს განაჩენს, საქმის განხილვა განახლდება,"- განაცხადა ქეთევან ბასილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე სასულიერო პირებმა და საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ზნეობის" წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის" მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის მონაწილეები დაარბიეს. მომიტინგეებმა სამართალდამცველთა კორდონი გაარღვიეს და მცირემასშტაბიანი აქციის რამდენიმე წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის - სამართალდამცველები და ჟურნალისტი. ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტიკად სცემეს რამდენიმე ახლგაზრდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე და თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.
გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლის ვადით ითვალისწინებს.