საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გამოვლენილი და მხილებულია - სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" თბილისის მომსახურების ცენტრის უფროსი, 1982 წელს დაბადებული ზურაბ მექვაბიშვილი, ხოლო ქრთამის მოთხოვნისა და აღებაში დახმარების ფაქტზე მხილებულია 1967 წელს დაბადებული მოქალაქე მალხაზ ბ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზურაბ მექვაბიშვილი თანამდებობრივი უფლებამოსილების და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქალაქის შუამავლობითა და დახმარებით კორუფციულ გარიგებაში შედიოდა პირებთან, რომლებსაც სურდათ თბილისში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი ქონების შეძენა. კერძოდ, დაკავებულებმა დაინტერესებულ პირს, უცხოელ მოქალაქეს აღუთქვეს, რომ თბილისში, ნუცუბიძის ქ. N7-ში მდებარე სახელწიფოს კუთვნილ 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 1400 კვ.მ შენობა-ნაგებობას მიჰყიდდნენ მისთვის სასურველ ფასად - 800 000 აშშ დოლარად. სანაცვლოდ კი ქრთამის სახით გასაყიდი უძრავი ქონების ღირებულების 10% ანუ 80 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.
2013 წლის 7 ოქტომბერს ზურაბ მექვაბიშვილმა და მისმა თანამზრახველმა ქრთამის სახით აიღეს მოთხოვნილი თანხის (80 000 აშშ დოლარის) ნაწილი - 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამჟამად ხსენებული კორუფციული სქემა გახსნილია და ორივე მათგანი დაკავებულია.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.