საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 7 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ სამართლის საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის იუსტიციის მინისტრისა და ევროკომისიის სამართლის გენერალური დირექტორატის ინიციატივით ტარდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ლიტველი კოლეგისაგან მინისტერიალზე მიწვევა ვილნიუსში ოფიციალური ვიზიტისას მიიღო. უმაღლესი დონის შეხევდრას ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები დაესწრებიან.
მინისტერიალზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანის მინისტრები მოხსენებით წარსდგებიან. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თავის მოხსენებაში მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრებს.
მინისტერიალზე სხვა საკითხებთან ერთად პირადი მონაცემების დაცვისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ სიახლეებსაც მიმოიხილავენ.
სამუშაო დღის ბოლოს სამართლის საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სპეციალურ დეკლარაციას მიიღებენ.