შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ახალაიას განცხადებას "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემი დაკავებიდან დღემდე საზოგადოებამ გაიგო არაერთი კანონდარღვევის შესახებ, რაც მიზნად ისახავდა, ცრუ ბრალდებების შეთითხვნას და ჩემი მრავალი წლით ციხეში გამოკეტვას. მათ შორის, დღეს გამოქვეყნდა კადრები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემი საუბრები ადვოკატებთან, კომისიის წევრებთან და პარლამენტარებთანაც კი სრულიად კონტროლდებოდა და ეს ხდებოდა აბსოლუტურად უკანონოდ, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რის გამოც უნდა დადგეს სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გაავრცელა.
ახალაიას საკანში გადაღებული კადრების საჯაროდ გავრცელების გამო, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება სასჯელაღსრულების სამინისტროშიც გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიაზე ელექტრონული მეთვალყურეობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობდა.
ამასთან, როგორც სუბარის უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულის თაობაზე შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ იგი ინფორმირებული იყო და თანხმობა დადასტურებულია მისი ხელმოწერით.