საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურისიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებით გარკვეული კონფიდენციალობის უფლება დაირღვა.
სუბარის თქმით, მისთვის უცნობია თუ რა გზით მოხდა ციხის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული მასალების მედიასაშუალებებით გავრცელება და აღნიშნულის მიზეზი გამოძიებით დადგინდება.
"პატიმრობის შესახებ კოდექსის მეცხრე მუხლი ამბობს ვიზუალურ და ელექტრონულ თვალთვალს. ვიზუალური ნიშნავს, როდესაც აკვირდები თვალით და ელექტრონული ნიშნავს ყველანაირ სხვა საშუალებას. განმარტებულია თუ რას ნიშნავს ელექტრონული რამდენიმე სხვა კანონში. რაც შეეხება თუ რატომ გახდა საჭირო, საჭირო გახდა მისივე განცხადებიდან გამომდინარე, რომ მას ემუქრებოდა საფრთხეები. ამის შესახებ ის იყო გაფრთხილებული. მოკვლევა დაწყებულია სხვადასხვა უწყებების მიერ, თუ როგორ გავრცელდა, რა ხდებოდა. ამ ყვლაფერზე პასუხები გაიცემა. როგორ გავრცელდა მართლა უცნობია და რომ გავრცელდა, ამით დარღვეულია გარკვეული კონფიდენციალობის უფლება,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება ახალაიას ადვოკატების მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის საკანში გადაღებული ჩანაწერების გავრცელების გამო სასჯელაღსრულების მინისტრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, სუბარის თქმით, "მას არ აქვს სურვილი უპასუხოს გოგა ონიანის განცხადებას".
"არ მაქვს სურვილი გავცე პასუხი ადამიანის განცხადებას, რომელიც წლების განმავლობაში დარბოდა და მიტინგებს არბევდა,"- აღნიშნა სუბარმა.
ცნობისთვის, გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გაავრცელა.
ახალაიას საკანში გადაღებული კადრების საჯაროდ გავრცელების გამო, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება სასჯელაღსრულების სამინისტროშიც გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიაზე ელექტრონული მეთვალყურეობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობდა.
ამასთან, როგორც სუბარის უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულის თაობაზე შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ იგი ინფორმირებული იყო და თანხმობა დადასტურებულია მისი ხელმოწერით.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და სოზარ სუბარის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
"ჩემი დაკავებიდან დღემდე საზოგადოებამ გაიგო არაერთი კანონდარღვევის შესახებ, რაც მიზნად ისახავდა, ცრუ ბრალდებების შეთითხვნას და ჩემი მრავალი წლით ციხეში გამოკეტვას. მათ შორის, დღეს გამოქვეყნდა კადრები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემი საუბრები ადვოკატებთან, კომისიის წევრებთან და პარლამენტარებთანაც კი სრულიად კონტროლდებოდა და ეს ხდებოდა აბსოლუტურად უკანონოდ, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რის გამოც უნდა დადგეს სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.