საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეო მასალა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთი დაწესებულების საკანში მოთავსებული პატიმრის - ბაჩანა ახალაიას ცალკეულ პირებთან შეხვედრებსა და საუბარს ასახავს.
"2013 წლის 04 ოქტომბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით,"- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
ცნობისთვის, გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გაავრცელა.