საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა ფოფხაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეო და აუდიო მასალების გასაჯაროებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.
როგორც ფოფხაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას პატიმრებზე გარკვეული ტიპის ზედამხედველობის განხორციელება შეუძლია, მაგრამ ეს უნდა ემსახურებოდეს კანონით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს, ან დანაშაულის გახსნას, ან პატიმართა ქცევის დაკვირვებას გარკვეული აუცილებლობის შემთხვევაში და ამის თაობაზე პატიმარი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული.
"ამ შემთხვევაში, როგორც სამინისტრო ამბობს, პატიმარი ინფორმირებული იყო და ასეთი შეთანხმება არსებობდა, მაგრამ აქ არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - რამდენად აუციელებელი იყო აუდიო კონტროლი და ამ მიზნის მისაღწევად რამდენად არ იქნებოდა საკმარისი მხოლოდ ვიდეო კონტროლი. ჩვენ როგორც ვიცით, საუბარი და დიალოგიც არის ჩაწერილი. სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს აუდიო კონტროლის აუცილებლობა. თუ დანაშაულის გახსნაზე, პრევენციაზე ან ბაჩო ახალაიას უსაფრთხოებაზეა საუბარი, როგორც სამინისტრო ამბობს, ამ შემთხვევაში მარტო ვიდეო კონტროლი რატომ არ იქნებოდა ამომწურავი და რატომ ვერ მიაღწევდა თავის ლეგიტიმურ მიზანს?! არის მეორე საკთხიც - რატომ გახდა აუციელებელი მონიტორინგზე შესული პირების და ბაჩო ახალაიას ჩაწერა. ამ შემთხვევაში მე ვერანაირ ლეგიტიმურ მიზანს ვერ ვხედავ რომ ეს დანაშაულის პრევენციას, გახსნას ან სხვა სახის დაკვირვებას ემსახურებოდეს. ვფიქრობ, რომ როგორც ადვოკატთან საუბარი, ასევე სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ჯგუფის წარმომადგენლებთან საუბარი და მონიტორინგზე შესულ ნებისმიერ პირთან პატიმრის საუბარი უნდა იყოს კონფიდენციალური და ვთვლით, რომ ამ კუთხით არ უნდა მომხდარიყო აღნიშნული ქმედების განხორციელება,"- განაცხადა ეკა ფოფხაძემ.
რაც შეეხება აღნიშნული ჩანაწერების წარმომავლობას და მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების გზებს, ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსულების სამინისტრომ აუცილებლად უნდა დაადგინოს როგორ მოხდა ამ კადრების გასაჯაროება, ვისი მეშვეობით, რას ჰქონდა აქ ადგილი და რა მიზანს ემსახურებოდა მისი გავრცელება.
"ამ კადრებზე პასუხისმგებლობა აქვს სასჯელაღსრულების სამინისტროს. საპატიმრო დაწესეულებების მათ დაქვემდებარებაშია, თანამშრომლები, რომლებიც იქ მუშაობენ მათ დაქვემდებარებაში არიან და შესაბამისად, ის ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სასჯელაღსულების სამინისტროს. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა გადადის სასჯელაღსრულების სამინისტროზე, ის ახორციელებდა ჩაწერას და მას ჰქონდა ეს ჩანაწერი,"-აღნიშნა ფოფხაძემ და დასძინა, რომ თუ ადვოკატის და ბაჩო ახალაიას შეხვედრის და საუბრის ამსახველი ჩანაწერებიც არსებობს, ამ შემთხვევაში ბრალდებულიც და მისი ინტერესების დამცველიც ინფორმირებულნი უნდა ყოფილიყვნენ, რომ შეხვედრის ვიდეო და აუდიო გადაღება ხორციელდებოდა.
"ასეთი ინფორმირების გარეშე ცალსახად უკანონოა მით უმეტეს ადვოკატთან საუბარი, იმიტომ, რომ ადვოკატს და პატიმარს შორის საუბარი არის კონფდენციალური,"- განმარტა ეკა ფოფხაძემ.
ცნობისთვის, გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გაავრცელა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.