კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია N7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში. ვიდეომასალა შეიცავს ბრალდებულის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს, ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრ ჟურნალისტებთან, დეპუტატ აკაკი მინაშვილთან შეხვედრებს და მათთან გასაუბრებას.
ვიდეომასალა რამდენიმესაათიანია და 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი. კადრებში ჩანს, რომ სხვადასხვა დროს ბაჩო ახალაია საკანში მოინახულეს და გამოკითხეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა გელა მთივლიშვილმა, ნინო ზურიაშვილმა და ზურაბ ვარდიაშვილმა. გადაღებულია ასევე ახალაიას და „ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტის წევრის აკაკი მინაშვილის შეხვედრები. მინაშვილი ციხეში პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სპეციალური ბრძანების საფუძველზე შედიოდა.