რესპოდენტის შესახებ
-ბატონო მამუკა, არსებობს თუ არა საფუძველი ეჭვი შევიტანოთ შს სამინისტროს მიერ ე.წ. ჯიჰადის ვიდეოებზე დღეს დადებულ დასკვნაში?
-ამ კვალზე რომ იდგა შს სამინისტრო რამდენიმე დღის წინ ვიცოდი. მეორეც, ამ დღეებში მე მოვკითხე იმ ადამიანებს რომლებსაც ვენდობი ტექნიკური თვალსაზრისით რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება.
რამდენადაც მე მითხრეს, ტექნიკური თვალსაზრისით ამის გაკეთება არ არის ძალიან რთული ანუ შესაძლებელია. აქედან გამომდინარე მე არ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო შს სამინისტროს განცხადებაში.
ჩემი ვარაუდი იმის შესახებ, რომ არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი აფხაზეთის ტერიტორიიდან ყოფილიყო გაკეთებული და დადასტურდა ეს ამბავი. ტექნიკურად ამის გაკეთება აფხაზეთის ტერიტორიიდან შესაძლებელია - ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი.
შს სამინისტრომ ძალიან ნაყოფიერი მუშაობა ჩაატარა და მე ვიცი ზუსტად, რომ ამ საქმეში ჩართულია ამერიკული სპეცსამსახურები და აქედან გამომდინარე შესაბამისი ეფექტიც მივიღეთ. შს სამინისტროსა და ამერიკული სპეცსამსახურების ერთობლივმა მუშაობამ ეს შედეგი გამოიღო.
მე არავითარი საფუძველი არ მაქვს იმისა, რომ თვითონ ამ თემაში, რაც არის ეჭვი შევიტანო.
-მაშინ მითხარით, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ ასე განყენებულად, თავისი სურვილით და თავისი ინივიატივით ვინმე ჩოკუტაევმა გააკეთა ეს, თუნდაც აფხაზეთის აფხაზეთის ტერიტორიდან...
ეს მეორე საკითხია და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ცოტა ხნის წინ მე ამ საქმესთან დაკავშირებით ვთქვი, რომ მე არ გამოვრიცხავ ე.წ. ბოროტ ხუმრობას და ხუმრობაში მე მართლა ხუმრობას კი არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ იმას, რომ ისლამს, რომელსაც ასეთი განწყობები აქვს.. ეს შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ, თუ მოინდომებდდნენ. მე მესმის, რომ ეს ნაკლებდასაჯერებელი ვერსიაა და მე ეს მესმის გინდა ჟურნალისტებისა და გინდა ჩემი კოლეგებისა, მაგრამ ასეთი ვარიანტებიც არსებობს.
თუმცა, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და მეც შევეცდები ჩემი მხრიდან დავადგინო რამდენად იყო ეს დავალების გარეშე შესრულებული. მაინც უფრო ვიხრები იმისკენ, რომ კონკრეტულმა ძალამ მას დავალება მისცა. ახლა უნდა დავადგინო რა ძალა იყო ეს.
-ანუ ერთმნიშვნელოვნად თქმა იმისა, რომ ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურები ჩვენ არ შეგვიძლია...
-არა, ჯერ -ჯერობით ამის თქმა რასაკვირველია არ შეიძლება, მაგრამ აფხაზეთის ტერიტორიაზე რადგან მოხდა ეს ყველაფერი ამ მიმართულებას გვკარნახობს. თუმცა მე ასევე არ გამოვრიცხავ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რომელიმე ისლამურ ორგანიზაციას ან მის რომელიმე დაჯგუფებას, რომელსაც თავისი მიზნები და ამოცანები აქვს.
თითის გაშვერა რუსეთისკენ შეიძლება ყოველთვის, როგორც ისინი, რაღაც უბედურება, რომ მოხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე იმწუთში საქართველოსკენ იშვერენ ხელს და ქართული სპეცსამსახურებისკენ. მაგრამ, ზოგ შემთხვევაში პრობლემა უფრო ღრმა არის და უფრო სხვა ტიპის ძალები არიან ჩართული ამა თუ იმ აქციაში.
-ბატონო მამუკა, თუ იმას გამოვრიცხავთ, რომ ეს იყო ბოროტი ხუმრობა, ამ ვიდეოს გავრცელება ხომ არ იყო ერთგვარი ნიადაგის მოსინჯვა რაღაცისთვის, იმიტომ, რომ თუ ვერ დადგინდებოდა შეიძლებოდა საიდან მოდის ეს ყველაფერი ამას კიდევ მსგავსი უარესი რაღაცეები მოჰყოლოდა?
-ეს არის აბსოლუტურად სწორი დასკვნა იმ პროცესებისა რაც ხდება ქვეყანაში. ასეთი ხელწერა აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებს და ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი რამეც შეიძლება იყოს. ასეთი რამ სხვაგან მომხდარა, რომ შეუმოწმებიათ ჯერ სპეცსამსახურებისა და საზოგადოების რეაქცია და მათი მოქმედების უნარი და დიაპაზონი და შემდეგში ჩაუდენიათ უფრო უარესი.
ერთი რამე შემიძლიათ გითხრათ აუცილებლად უნდა ველოდოთ კონტრღონისძიებას ამ გამოძიების შედეგზე. კონტღონისძიება აუცილებლად იქნება. შეეცდებიან უფრო დახვეწილად და გააზრებულად იმოქმედონ და ტექნიკური საშუალებები მოგეხსენებათ დღეს ისეთია, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.
„ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე