ყოფილი თავდაცვის მინისტრის საქმეზე ბოლო პერიოდში პროკურორების ცვლას არჩილ კბილაშვილი გამიზნულად არ მიიჩნევს. მისი თქმით, ეს მხოლოდ გარკვეულ გარემოებათა გამო მოხდა და აქ არანაირი პოლიტიკური მოტივი არ შეინიშნება.
უჩა ნანუაშვილის უწყება, კი ახალაიას სასამართლო პროცესებს აკვირდება. იყო თუ არა პროცესის მიმდინარეობის დროს დარღვევები, სახალხო დამცველი შესაბამის დასკვნას პროცესის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.
„ფაქტი ის არის, რომ ორი კვირის წინ თუ არ ვცდები, პროკურორის ავადმყოფობის გამო მოხდა ახალი პროკურორის ჩართვა. დღეს როგორც მაცნობეს, პროკურორმა ერთი კვირით ითხოვა დამატებით შესწავლისათვის ვადის მიცემა იმიტომ, რომ ბევრი ტომი იყო და ეს დაკმაყოფილდა.
არ მივიჩნევ, რომ ეს ხელოვნურად ხდება, რადგან ერთი კვირით ადრე თუ ერთი კვირით გვიან დიდ მოცემულობაში რაიმე შედეგს არ ადგენს", _ აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი.
„პროცესს ვაკვირდებით და ზოგადად უკვე მთლიანად, მას შემდეგ რაც დასრულდება პროცესი ჩვენ გავაკეთებთ უკვე ანგარიშის წარმოდგენას. მანამდე მე გამიჭირდება კონკრეტული რაიმე კომენტარის გაკეთება. ეს ალბათ უკვე შესწავლის შედეგად შეიძლება მოხდეს რეაგირება მსგავს, კონკრეტულ ინციდენტებზე", _ აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.