შს მინისატრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში შერჩევითი სამართლის შესაძლებლობას გამორიცხავს. როგორც ღარიბაშვილმა ლიტვის ნაციონალურ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა მინისტრის თანამდებობა იმუნიტეტი არაა და ყველა ვინც დანაშაულს ჩაიდენს პასუხი უნდა აგოს.
,,მე არ მითქვამს, რომ ისინი კრიმინალები არიან. მე განვაცხადე, რომ პროკურატურას აქვს ძალიან სერიოზული კითხვები და ბრალდებები ამ პირების მიმართ. მე იმას ვგულისხმობ, რომ მინისტრის თანამდებობა იმუნიტეტი არაა. მაგალითისთვის, როდესაც ახალი მთავრობა მოვა, და თუ გაირკვა, რომ მინისტრობისას ჩავიდინე დანაშაული, როგორ უნდა მოიქცნენ?! მე პასუხი უნდა ვაგო ჩემს საქციელზე და ეს სრულიად მისაღებია. რა განსხვავებაა ჩვეულებრივ მოქალაქესა და მინისტრს შორის?! მცირე დანაშაულებისთვის ჩვეულებრივი მოქალაქე აუცილებლად ციხეში ხვდება და იგივე დანაშაულებისთვის რატომ უნდა ვიყო პირადად მე პრივილეგირებული?! იმიტომ, რომ თანამდებობა მიკავია?! ეს არაა სამართლიანი და სწორი. ჩვენ ასეთ ქვეყანას არ ვაშენებთ. ჩვენ გვინდა ავაშენოთ ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანა და გვსურს, ერი იყოს თავისუფალი. როდესაც თქვენ ახსენეთ, რომ დასავლური მედიის წარმომადგენლები შერჩევით სამართალზე საუბრობენ, ეს ყველაფერი წინა მთავრობის ძლიერი „პიარის" შედეგია. დიდ სირთულეს არ წარმოადგენს მცდარი შეხედულების დამკვიდრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძლიერი და გავლენიანი ლობები გყავს",_აცხადებს ღარიბაშვილი.