,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა პოლიტიკური დააკვეთაა. როგორც ნონო ბურჯანაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში NDI_ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიზანი ,,ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლებაა.
,,მეეჭვება საქართველოში ვინმეს სჯეროდეს NDI-ის კვლევების. გაგახსენებთ შარშან პირველი ოქტომბრის არჩევნების წინ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების შესაბამისად, ლამის 60% -ით პირველ ადგილზე ,,ნაციონალური მოძრაობა" მეორე ადგილზე ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" იყო, ხოლო მესამე ადგილზე ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ,,ქართული ოცნება". იმედი მქონდა, ეს მწარე გაკვეთილი იქნებოდა NDI-ისთვის და ამჯერად მაინც საერთოდ თავს შეიკავებდნენ კვლევების გამოქვეყნებისგან, ან კვლევებით მანიპულირებას არ მოახდენდნენ. სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. NDI ყველანაირად ცდილობს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" როგორმე გააცოცხლოს და ქართველ ხალხს თავს მოახვიოს გაურკვეველი ნება. თუმცა ვიცი, რომ ეს არ მოხდება და ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, NDI-მ დღეს მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგები გააცნო. კვლების მიხედვით საქართველოს მომავალ პრეზიდენტად გამოკითხულთა 39% გიორგი მარგველაშვილს, 18% დავით ბაქრაძეს, ხოლო რესპონდენტთა 7% ნინო ბურჯანაძეს ისურვებდა. ასევე კვლევის მიხედვით ძლიერ ოპოზიციურ ძალად ,,ნაციონალური მოძრაობა" სახელდება. კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).