ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა ახალ მისამართზე, რეაბილიტირებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე განთავსდა. ბავშვთა გალერეა 1968 წელს ცნობილი ქართველი მხატვრებისა და საზოგადო მოღვაწეების ინიციატივით დაარსდა და წლების განმავლობაში, მოზარდების ესთეტიკურ აღზრდაზე, მათი მხატვრული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და ნიჭიერი ბავშვების გამოვლენაზე ზრუნავს.
გალერეის ახალი, სამ სართულიანი შენობა თბილისის მერიის მიერ გარემონტდა. შენობაში კომფორტული გარემო, საგამოფენო სივრცები და სამუშაო ოთახები მდებარეობს, სადაც 4-დან 13 წლამდე ბავშვები ხატვას, ძერწვას, ფოტოგრაფიასა და ხელოვნების ისტორიას შეისწავლიან. გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური სწავლების მეთოდი დაინერგა და სპეციალურად მოწვეული სპეციალისტები, მათ არტ-თერაპიის გაკვეთილებს ჩაუტარებენ. სამომავლოდ დაგეგმილია საკვირაო სკოლის გახსნაც, სადაც მოზარდები ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მიიღებენ საბაზისო განათლებას.
ბავშვთა სურათების გალერეა დღეს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა და ბავშვების მიერ შესრულებულ ნამუშევრებს გაეცნო. გალერეის დირექციამ თბილისის მერი სიმბოლური საჩუქრით: ცნობილი ქართველი მხატვრის - რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ, ბავშვობაში შესრულებული ნამუშევრით დაასაჩუქრა, რომელიც წლების განმავლობაში გალერეაში ინახებოდა.
მასალის გამოყენების პირობები