დღეს, 25 სექტემბერს, 16:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეის ახალი შენობის პრეზენტაცია გაიმართება.
ექსპოზიციაზე გამოფენილია 70-იანი წლებიდან მოყოლებული გალერეის ფონდში დაცული ყოფილი და დღეს მოქმედი ბავშვების დაახლოებით 150-მდე საუკეთესო ნამუშევარი და ნაკეთობა. გალერეას გააჩნია ბევრი ახალი საინტერესო ჩანაფიქრი და პროექტი, რომელთა განხორციელებაც თანდათან მოხდება.
1981 წლიდან გალერეას გადაეცა სპეციალურად მისთვის რეკონსტრუირებული შენობა ძველ თბილისში შავთელის ქუჩაზე. წლების მანძილზე აღნიშნული ისედაც ძველი შენობა დაზიანდა და ავარიული გახდა. თბილისის მერიამ 2013 წლის მაისში ბავშვთა სურათების გალერეას გადასცა ახალი შენობა აღმაშენებლის გამზირზე №136.
ელ. ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეა დაარსებულია 1968 წელს ცნობილი ქართველი მხატვრებისა და საზოგადო მოღვაწეების ძალისხმევით „საქართველოს ბავშვთა ხელოვნების მუზეუმის" სტატუსით.
1983 წელს მუზეუმს მიენიჭა ბავშვთა მხატვრული ნამუშევრების დიდი მოყვარულისა და მოამაგის, გალერეის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის სახელი.
„ელ. ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეა" საქართველოში ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც თავმოყრილია ბავშვთა ნამუშევრები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ თითქმის მთელი მსოფლიოდან. „გალერეა" არის ბავშვთა შემოქმედების პოპულარიზაციის, მათი ნიჭის წარმოჩენისა და ხელშეწყობის რესპუბლიკური ცენტრი. აქ ბავშვთა ნახატები და ნაკეთობები განიხილება და ფასდება როგორც ხელოვნების ნიმუშები.