2-5 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ქობულეთსა და ხულოში ანიმაციური ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" გაიმართება.
ფესტივალს ატარებს "ანიმაციის განვითარების ფონდი" და კულტურული ცენტრი "პერსონაჟი".
საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 43 ქვეყნის 115 ფილმი. ფილმების ჩვენება გაიმართება: ბათუმში- კინოთეატრ "აპოლოში" და ხელოვნების უნივერსიტეტში; ხულოს დრამატულ თეატრში და ქობულეთის მუნიციპალურ კინოთეატრში.
ფესტივალის ნომინაციებია: გრან-პრი; საუკეთესო ფილმი უფროსებისათვის; საუკეთესო საბავშვო ფილმი; ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი; საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი; საუკეთესო სერიალი; საუკეთესო დებიუტი და საუკეთესო სტუდენტური ფილმი.
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური ბათუმში, ხოლო საბავშვო ჟიური ფილმებს შეაფასებს ხულოში, ქობულეთსა და ბათუმში. შედეგები გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე.
ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება უორქშოფი " ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმა".
"ფრანგული ინსტიტუტი" და "თბილისის იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრი", ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს ანიმაციური ფილმების პროგრამებს ფორმატში " კინო ღია ცის ქვეშ".
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი; თელავის მუნიციპალიტეტი; ქუთაისის მერია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ხობის მუნიციპალიტეტი; ბორჯომის მუნიციპალიტეტი და შ.პ.ს. "მიფასი".