თბილისში მომხდარ ავტოავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ორთაჭალჰესთან მდებარე ხიდის გამყოფს დაეჯახა და მდინარე მტკვარში გადავარდა.
"მოხდა ავტოშეჯახება მარცხენა სანაპიროზე, ჰესისა და გვირაბის შუა ნაწილში, სადაც ხიდი მდებარეობს. ხიდზე ჰესის მიმართულებით მიმავალი დოჯის ტიპის ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ, ძალიან დიდი სისწრაფით მიდიოდა, ხიდის გამყოფში მოაჯირს დაეჯახა და წყალში გადავარდა. შიგნით 2 ადამიანი იქნა ნაპოვნი, ახალგაზრდა მამაკაცები, დაახლოებით 25 წლამდე ალბათ,"- განაცხადა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.
მაშველებს მანქანის წყლიდან ამოსაყვანად დაახლოებით, 40 წუთი დასჭირდათ. მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.