შინაგან საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრების ფორმატი უახლოეს მომავალში აღდგება. როგორც სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება ამ ფორმატის აღდგენით დაინტერესებულია.
"აღნიშნული ფორმატის შეხვედრები გალის რაიონში 2012 წლის აპრილში, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ანჯეი ტიშკევიჩის ე.წ პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილების შემდეგ ჩაიშალა. ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებით შსს აქტიურად თანამშრომლობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან და იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალი ხელმძღვანელის, ტოივო კლაარის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლების დახმარებით უმალვე მოხდება გალის რაიონში აღნიშნული შეხვედრის ორგანიზება. შსს ოკუპირებულ აფაზეთსა და გალის რაიონში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალებისა თუ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მიერ წარმოებულ უკანონო ქმედებების ფაქტებს", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებებზე ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიან ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ყველა იმ პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ვინც დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებითა და არსებული პრობლემების მოგვარებით.
18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გალის ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენის თხოვნით მიმართა.