სკოტლანდ -იარდი ბორის ბერეზოვსკის ბურუსით მოცული გარდაცვალების გამოძიებას აგრძელებს. პარალელურად ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზებს ჟურნალისტები არკვევენ და საკუთარ გამოძიებას აწარმოებენ. ისინი უარყოფენ გავრცელებულ ვერსიას იმის შესახებ, რომ ოლიგარქმა თავი აბაზანაში სრული გაკოტრების გამო ჩამოიხრჩო.
„აღმოჩნდა, რომ გარდაცვალების დროს ბორის ბერეზოვსკის ხელთ სულ მცირე 801 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა", _ წერს ბრიტანული გაზეთი „The Sunday Times" მის ხელთ არსებულ იურიდიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით.
მათივე ინფორმაციით, აქტივების დიდ ნაწილს ფრანგულ რივიერაზე ბერეზოვსკის კუთვნილი უძრავი ქონების საფასური შეადგენდა.
ამას გარდა, ანონიმად დარჩენილმა წყარომ გაზეთს აუწყა, რომ გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ბორის ბერეზოვსკიმ თავისი ანდერძის ორიგინალი დახია, რომლის მიხედვითაც მისი ქონების 5 % წილი მის პირველ ცოლს ნინას რჩებოდა, მეორე ცოლს გალინასა და მისგან შვილებს კი 12 % წილი.
აღსანიშნავია, რომ ახალ ანდერძში, რომელსაც ბიზნესმენმა ხელი გარდაცვალებამდე ცხრა დღით ადრე მოაწერა მათი სახელები არ ფიგურირებს.
„უახლოესი მონაცემები: ოფიციალური ვერსიით ბორის ბერეზოვსკიმ თავი სააბაზანოში კარნიზზე ჩამოიხრჩო. ლონდონის პოლიციის ხელთ არსებული ახალი მონაცემით კი კარნიზი ვერ გაუძლებდა ოლიგარქის სხეულის სიმძიმეს, ბერეზოვსკი ჯერ გაგუდეს, შემდეგ კი აბაზანაში ჩააგდეს სუიციდის ინსცენირებისათვის. ამ შემთხვევაში რჩენა მხოლოდ ერთი კითხვა: ვინ?", _ წერს „კომსომოლსკაია პრავდა".