საქართველოს მთავარ პროკურატურას აფხაზეთში რუსი დიპლომატის მკვლელობაში ეჭვმიტანილის გადაცემის შესახებ რუსეთიდან თხოვნა არ მიუღია.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან ჯერ ჯერობით არავითარი მოთხოვნა ან რაიმე სახის დოკუმენტი შემოსული არ არის".
პაიჭაძე აღნიშნავს, რომ მომავალში რას იზამს პროკურატურა ამაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში რუსი დიპლომატი 9 სექტემბერს მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა მისი მეუღლე, რომელიც თავდასხმის დროს დიპლომატთან ერთად იმყოფებოდა და მძიმედ დაიჭრა.
გამოძიებაში ამ საქმეთან დაკავშირებით, აფხაზ სეპარატისტებთან ერთად რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ჩართო და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ქალაქ გროზნოს მცხოვრები, ჩეჩენი ეროვნების იუსუპ ლაკაევი დანაშაულის ჩადენის შემდეგ აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა და თურქეტში გადასვლას შეეცადა. ქართველმა სამართალდამცავებმა ის დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს ლაკაევის გადაცემა-ექსტრადაციის თხოვნით მიმართავს.