პრესაში ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლული რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის სავარაუდო მკვლელის უისუფ ლაკაევის შესახებ დაწყვეტილებითი ინფორმაცია ვრცელდება. გაზეთ „კომერსანტის" ინფორმაციით, ლაკაევი ადრე ჩეჩნეთში ვაჰაბიტებისათვის დახმარების გამო გაასამართლეს. მან იქ შეკვეთილი დანაშაული ჩაიდინა. შემკვეთები სავარაუდოდ ვაჰაბიტები იყვნენ.
„ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, აფხაზეთში ის რუსეთის ფედერაციიდან არალეგალურად შევიდა, ბოევიკი კონსპირაციის ზომებს იცავდა. ის თავს სუვენირების გამყიდველად ასაღებდა. მან სპეციალურად ჩამოიტანა თან მაგნიტური პლასტიკური სურათები, რომლებსაც სანაპიროზე აფხაზურ სუვენირებად ასაღებდა და ჰყიდდა. ამას გარდა, ლაკაევმა თან ჩამოიყვანა ახალგაზრდა ქალი და ბავშვი და სამაგალითო მეოჯახის იმიჯი შეიქმნა. მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე მათ აფხაზეთი დატოვეს", _ წერს კომერსანტი და აღნიშნავს, რომ ლაკაევს ბინა იმავე სახლში ჰქონდა ნაქირავები სადაც რუსი დიპლომატი ცხოვრობდა. ის მსხვერპლს ავტოფარეხთან დაელოდა და მოკლა.
„ამის შემდეგ მკვლელი საქართველოში გაიქცა სადაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე შეიარაღებული თავდასხმისათვის დააკავეს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თუმცა აფხაზეთში მომხდარ მკვლელობასთან მისი კავშირი მოგვიანებით გახდა ცნობილი.
საქართველოს შს სამინისტროში არსებული წყარო აცხადებს, რომ ლაკაევი ქართველ პოლიციელებს ტყუილად არ დაუკავებიათ, მათ ინფორმაცია მასზე რუსეთის სპეცსამსახურისგან მიიღეს.
სამართალდამცავები მკვლელობის სავარაუდო მოტივად ვაჰაბისტური იატაკქვეშეთის მცდელობას მიიჩნევს, დაძაბოს ორ ქვეყანას აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა. სხვა ვერსიებმა კი რომლებიც საყოფაცხოვრებო კონფლიქტსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, როგორც მტკიცდება, დამტკიცება ვერ ჰპოვა", _ იუწყება კომერსანტი.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში რუსი დიპლომატისა და მისი მეუღლის მკვლელობის საქმეს რუსეთის სამართალდამცავები და მათი აფხაზი „კოლეგები" უძღვებოდნენ. ახლა კი რუსეთი აპირებს საქართველოს მიმართოს და მას ლაკაევის მისთვის გადაცემა სთხოვოს.