20 სექტებერს, 19:00 საათზე, პერკუსიონისტი ირაკლი ქოიავა წარმოგიდგენთ ახალ პროექტს - მსოფლიო მუსიკალური დუეტი სომეხ მუსიკოს მიქაელ ვოსკანიანთან. სპეციალურად კონცერტისათვის მოწვეულია ბასისტი იოსებ გელოვანი. ღონისძიებაზე გაიმართება ირაკლი ქოიავას ალბომ „ჩემი გრძნობების" პრეზენტაცია.
ირაკლი ქოიავა: "უკვე რვა წელია, ამ უცნაურ მუსიკაში ვმოღვაწეობ. ძირითადად მათთან ვთანამშრომლობ, ვინც ჯაზს უკრავს საქართველოში. ხშირად ვდგამ პერფორმანსს, სადაც მუსიკა რიტმს მიჰყვება. ვცდილობ, მოვძებნო ახალი ბგერა. ეს ნამდვილად არ არის ჩემი აღმოჩენა. ყველაფერს ვეპოტინები, სადაც ბგერაა. წყალი, თიხა, ამოსუნთქვა... ყველგან ხმაა, სადაც ვიმყოფებით, ჩვენ თვითონ ვართ მუსიკა. ეს ყველაფერი გონებიდან და შენი აღქმებიდან მოედინება. რაც უფრო ბევრს ვუკრავ, მით უფრო ვხვდები, რომ ეს არის ის, რაც მჭირდება ცხოვრებაში. 2003 წელს დავინტერესდი და დავიწყე აფრიკულ თიხის ინსტრუმენტ უდუზე დაკვრის შესწავლა. საერთოდ, ვსწავლობდი პერკუსიებს. 2005 წელს ვიყავი მუსიკალურ ტურნეზე ერევანსა და ბაქოში, ხოლო 2012 წელს - ბალტიისპირეთში".
მიქაელ ვოსკანიანი დაიბადა ერევანში 1986 წელს. იგი ექვსი წლის ასაკში წარსდგა მაყურებლის წინაშე და ცხრა წლისამ დაიწყო დაკვრა სომხურ ნაციონალურ ინსტრუმენტზე, თარზე. მან დაამთავრა მუსიკალური სკოლა, სადაც შვიდი წელი ისწავლა. 2008 წელს დაამთავრა ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მიქაელი უკრავს ერევნის სახელმწიფო ორკესტრში ნაციონალურ ინსტრუმენტზე. იგი არის ერთადერთი კომპოზიტორი და მუსიკოსი სასომხეთში, რომელიც უკრავს ხალხურ, ავანგარდულ, ჯაზის სტილის მუსიკას. მან მონაწილეობა მიიღო „ჯემ სიზონში", რომელიც არის მუსიკალური ღონისძიება და დაჯილდოვდა მრავალი პრიზებით. 2007 წელს ეთნო-ჯაზური ბენდი „მუსიკის ფერები" დაარსა.
ჯაზური მუსიკის კონცერტი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.