საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ექს-პრემიერის ვანო მერაბიშვილისთვის წაყენებული ბრალდებების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 3 669 მოწმის დაკითხვას შესაძლოა, რამდნეიმე წელი დასჭირდეს.
საქმე ეხება დასაქმების პროგრამის განხორციელებისას გამოვლენილ დარღვევებს, რომლის საფუძველზეც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მასთან ერთად ბრალდებული კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი გირაოს თანხის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა.
როგორც ექსპერტმა კახა კახიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" მერაბიშვილისთვის წაყენებული ბრალდების აღნიშნული ეპიზოდის კომენტირებისას განმარტა, "თუ პროკურატურა დასაქმების პროგრამის ეპიზოდზე მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს დაეყრდნობა, ამან შესაძლოა, ბრალდბის მხარეს პრობლემები შეუქმნას, რადგან ხშირია მოწმეების მიერ ჩვენების შეცვლის პრეცედენტები".
"როგორც ჩანს, თვითონ ბრალდების მხარემ გადაწყვიტა ბრალი მოწმეთა ჩვენებებით გაემყარებინა. პრინციპში, ვფიქრობ, რომ მოწმეებიც დაადასტურებენ იმას, რომ შერჩევით მოხვდნენ დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში და მათი ამ პროგრამაში ჩასმის უკან სხვა ინტერესები და პოლიტიკური მიზნები იყო. რთული პროცესი იქნება, როგორც წესი, ხდება ხოლმე, რომ მოწმეები სასამართლოზე ბრალდების დამადასტურებელ ჩვენებებს ცვლიან და თუ პროკურატურას მხოლოდ მოწმეების ჩვენებებით სურს ბრალის გამყარება, ამან შესაძლოა, პრობლემები სექმნას. თუ ვიმსჯელებთ, რომ დღეში მხოლოდ 4-5 მოწმის დაკითხვა ხდება, 3669 ადამიანის დაკითხვას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მათგანი საერთოდ არ გამოცხადდება სასამართლოზე,"- გააცხადა კახა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ექს-პრემიერს ვანო მერაბიშვილს რამდენიმე ბრალი აქვს წაყენებული. მათ შორის ერთ-ერთი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას არსებულ დარღვევებს ეხება და მისი გამოძიების ფარგლებში, ბრალდების მხარემ დასაკითხად 3 669 მოწმე წარმოადგინა.