მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა ის მტკიცებულებები წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით, მის უდანაშაულობას ადასტურებს. ჩოჩელის თქმით, საქმეში ერთადერთი ჩვენებაა, რომელიც მის წინააღმდეგ მეტყველებს და ამის გამო, გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.
ამასთან, როგორც ჩოჩელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არაა გამორიცხული, რომ მის კუთვნილ რამდენიმე კომპანიას ყადაღა დაედოს.
"ეს არის თითიდან გამოწოვილი. არ არსებობს ჩვენება, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის მიცემული. არის ერთადერთი პიროვნება, რომელიც ჩემს ყველა საქმეში ფიგურირებს და ალბათ, ეს არის გამოძიების ოქროს მოწმე, ნიკოლოზ შაქარაშვილია. ეს დაიწყო ხუხაშვილმა, მისი გამგრძელებელია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დღევანდელი უფროსი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა ხდება, მაგრამ შეგნებულად, იმის გამო, რომ ჰგონია, რომ რაც მეტ ბიზნესს დაანგრევს, მეტ ჯილდოს მიიღებს და მეტი დამსახურება ექნება ქვეყნის წინაშე,"- განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.
ჩოჩელის საქმესთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის დირექტორმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში კომპანიაში არაერთი შემოწმება ჩატარდა, თუმა არც ერთ მათგანზე შესაბამისი უწყების ნებარტთვა არ გაცემულა და უკანონო იყო.
"სხვადასხვა მაკონტროლებელი უწყებების მხრიდან მიმდინარეობდა რამდენიმე შემოწმება, მოხდა სრული დოკუმენტაციის ამოღება, რამდენიმე კიდევ იყო დაგეგმილი, მოგვმართეს კიდევაც, მაგრამ ეს ეს იყო კანონდარღვევით, ვინაიდან მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების და სასამართლოს ბრძანების გარეშე,"- განაცხადა რკინა- ბეტონის შპალის ქარხნის დირექტორმა.
ბიოზნესმენ ცეზარ ჩოჩელის ადვოკატი ბექა ბასილაია განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის წაყენებული ბრალდება არავითარი არგუმენტით არ არის გამყარებული.
"წარმოვადგენთ სრულ დოკუმენაციას ქრონოლოგიურად, თუ რა ფორმით და რა წესით განხორციელდა პრივატიზაციის პროცესი. რომ ყველა საკანონმდებლო ნორმა იყო დაცული და რომ ამ პროცესში სახელმწიფო ბიუჯეტმა ბევრად მეტად იხეირა, არათუ ზარალი არ უნახავს. აუქციონის წესით გამართული პრივატიზაციის დროს დაახლოებით 6 800 000 დოლარი იქნა გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს სრულიად ამორტიზირებულ, ლამის განადგურებულ საწარმოში. დღეს ბრალდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება, რომ არათუ 6 800 000 დოლარი, არამედ გაცილებით მეტი თანხა უნდა გადაეხადა ბიუჯეტში. მაგრამ, ბრალდების ეს მოთხოვნა თუ პრეტენზია არავითარი არგუმენტითარ არის გამყარებული,"- აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორს, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს დავით გიორგაძეს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 19 696 764 ლარის ღირებულების ქონების უკანონოდ დაუფლებას და მითვისებას ედავება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 194 -ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.